კინემატოგრაფისტების ბოიკოტი კულტურის სამინისტროს | 21.08.2023

კინოს სფეროში მომუშავე 200-ზე მეტი ადამიანი წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის გამო, 2023 წლის აგვისტოდან კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ხელოვანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კულტურის სამინისტროს ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

“ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს! პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს. პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება! დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია! თანდართული ფორმის გამოყენებით, კინოს სფეროში მომუშავე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს პოზიციასა და ბრძოლას კულტურის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის”, – კინემატოგრაფისტების განცხადება.

კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 300 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები. გავრცელებულ განცხადებაზე ხელმოწერა თანდართული ფორმის გამოყენებით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია.

თვეზე მეტია კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ. ხელოვანების პროტესტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც მან ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომელი კობა ხუბუნაია დანიშნა. ხუბუნაიამ კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. კინოს სფეროს მოღვაწეები შიშობენ, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დადგება, რადგან ამიერიდან კინოს დაფინანსებაში სახელმწიფო პირდაპირ ჩაერევა და მისთვის მიუღებელ ფილმებს ცენზურას დაუწესებს.