დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნულ გმირს 39 წელი შეუსრულდებოდა. ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს და საქართველოს დროშის ფეხქვეშ გათელვა მოსთხოვეს. ანწუხელიძემ საკუთარი ქვეყნის ეროვნული სიმბოლიკის შეურაცხყოფას სიკვდილი არჩია. ოკუპანტებმა ის სასტიკად აწამეს და ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ, მოგვიანებით, ცხინვალიდან 10 ქართველი მებრძოლის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც მისი წამების კადრებია ასახული. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის, ასევე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით – „სამშობლოსათვის თავდადებული“. ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემიაც.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან დღეს მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. მათ გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით მემორიალური დაფა გადასცეს.
საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავი მაგალითია
“დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის”, – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება.