ქვათა ცვენა ქსნის ქუჩაზე და გაჩერებული მატარებლები | 17.08.2023

დღეს, გამთენიისას დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. ქვათაცვენის გამო დროებით შეფერხებული იყო ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურებმა ერთ-ერთი ლიანდაგის გაწმენდა მოახერხეს და მასზე მოძრაობა აღდგენილია, მეორე ლიანდაგის გასასუფთავებლად კი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

“დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. ქვათაცვენის ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და შესაბამისი სპეციალისტები, რომელთა კომპეტენტური დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება მძიმე ტექნიკის მუშაობის და გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგია. აქვე ხაზს ვუსვამთ, მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის”, – საქართველოს რკინიგზის განცხადება.

ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობიდან კლდეზვავის ჩამოშლის ფაქტს განცხადებით ეხმაურება გარემოს ეროვნული სააგენტოც. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით გეოლოგები დასკვნას მოამზადებენ და პრევენციული, გადაუდებელი ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება.

“მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ქ. თბილისში, დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩამოშლას, რომელმაც დაფარა რკინიგზის ლიანდაგი და დროებით შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა ადგილზე შეაფასა არსებული სიტუაცია. სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, გატარდა გაწმენდითი ღონისძიებები. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ ოპერატიულად მოხდება კლდეზვავის ჩამოშლის შეფასება და მომზადდება დასკვნა. შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება”, – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება.