სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – ეძებენ კიდევ ექვს ადამიანს | 17.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ცხედარი აღმოჩენილია ონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ღართან, რომელიც სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის მოშორებული. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ექვს ადამიანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შოვში სტიქიის ეპიცენტრის მთავარ ლოკაციაზე თითქმის სრულადაა ტერიტორია შემოწმებული. მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. მდინარე რიონის და მდინარე ჭანჭახის ხეობებში 54 კილომეტრიანი მონაკვეთის გადამოწმება მიმდინარეობს, როგორც მცურავი, ისე კინოლოგების საშუალებებით. იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანაც.

სამხედრო მოსამსახურეები კი მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ.