საპროტესტო აქცია რიკოთის უღელტეხილზე, მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს | 17.08.2023

საპროტესტო აქცია რიკოთის უღელტეხილზე, მოსახლეობა მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო არსებობს მათი სახლების დანგრევის საფრთხე. აქციის მონაწილეები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ და „ქართულ ოცნებას“ დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, შოვის შემდეგ, დიდი ალბათობით, სტიქიური უბედურების ეპიცენტრი რიკოთი გახდება.

რიკოთთან გამართულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა საავტომობილო გზების დეპარტამენტი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზესტაფონის სოფელ ფუთთან გვირაბის გაყვანა დადგენილი პარამეტრების დაცვით მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი პრობლემას ისევ მედიაში ხედავს და ჟურნალისტებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც, სააგენტოს მტკიცებით, შესაძლოა, მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად.

“2022 წლის 12 აპრილს, ხიდსაცდელმა ცენტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებისა და ფუთის მოსახლეობის თანდასწრებით, ვიბრაციის კვლევა ჩაატარა გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. კვლევის შედეგად, ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში, სოფელ ფუთში, ჩიტორელიძეების უბნის მაცხოვრებლების თხოვნით, შემოწმდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობაც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის თანახმად, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუდმივ მონიტორინგს, ხოლო #3 გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, განმეორებით მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სოფელ ფუთის საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და მათზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, გვექნება საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არა გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესების გატარებაა, რაც მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება,” – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება.

რიკოთის უღელტეხილზე 4-დონიანი საავტომობილო მაგისტრალის ე.წ „საუკუნის პროექტის“ გეგმის მიხედვით ზესტაფონამდე 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. სამუშაოების პარალელურად უღელტეხილზე მეწყრული პროცესი რამდენჯერმე განვითარდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მტკიცების მიუხედავად, რომ უღელტეხილზე გადაადგილება უსაფრთხოა, გზის მონაკვეთზე სატრანსპორტო შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს. 7 საათიდან 21:00 საათამდე რიკოთზე გადაადგილება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კი გადაადგილების უფლება მხოლოდ სატვირთო მანქანებს აქვთ.