სტვენა, შეძახილები და პროტესტი Black Sea Arena-ზე, მოწვეული ჯგუფის the killers-ის კონცერტზე | 16.08.2023

სტვენა და შეძახილები Black Sea Arena-ზე – საქართველოში მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია მაინც შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, “რუსეთი ოკუპანტია”. თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის “დები და ძმები” არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

The Killers-ის კონცერტზე განვითარებულ მოვლენებს Black Sea Arena გამოეხმაურა და აცხადებენ , რომ არტისტის მოქმედება სცენაზე, მათი პოზიცია არ არის და მსმენელს ბოდიშს უხდიან.

“გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია” – Black Sea Arena-ს განცხადება.

“კარგო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, დავპატიჟოთ ხალხი აუდიტორიიდან დრამზე დასაკრავად და სცენიდან ჩანდა, თითქოს დარბაზის თავდაპირველმა პასუხმა აჩვენა, რომ ისინი თანახმა იყვნენ დღევანდელი საღამოს მაყურებელი ჩვენთან ერთად გამოსულიყო სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც უშვებდა იმის ვარაუდს, რომ The Killers-ის ყველა მაყურებელი და თაყვანისმცემლები არიან „ძმები და დები“, შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით.” – The Killers–ის განცხადება.

რადიო თბილისმა (FM 93.5) სამაუწყებლო ეთერიდან როკ ბენდ The Killers-ის რეპერტუარი ამოიღო. “ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. რუსეთი ოკუპანტია!” – წერია რადიოს ფეისბუქ გვერდზე.

Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა გამოეხმაურა.The Guardian წერს, რომ საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლისტმა კი მსმენელს უთხრა, რომ რუსები და ქართველები ძმები და დები არიან, რასაც დარბაზში პროტეტსი მოჰყვა.

“საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. სოლისტმა მსმენელს უთხრა, რომ რუსები და ქართველები ძმები და დები არიან. შემთხვევა სამშაბათს საღამოს, ბათუმში მოხდა. ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყნის ეტიკეტი, მაგრამ ეს ბიჭი რუსია, წინააღმდეგები ხომ არ ხართ რომ ამოვიდეს”? – იკითხა ბენდის სოლისტმა ბრენდონ ფლაუერსმა. მის ნათქვამს მსმენელი ხმაურით შეხვდა.სიმღერის დასრულების შემდეგ ფლაუერსმა სტვენას და მსმენელის ნაწილთა პროტესტს ასე უპასუხა:”ვერ ხვდებით ვინმე შენი ძმაა თუ არა? ის თქვენი ძმა არ არის? ნუთუ ყველას ჩვენი ქვეყნის საზღვრები გვყოფს? მე არ ვარ თქვენ ძმა, რადგან ამერიკელი ვარ? მე ყველას ჩემს დებად და ძმებად მიგიჩნევთ”.ამ განცხადების შემდეგ ბევრმა ადამიანმა კონცერტი დატოვა.” – The Guardian-სტატია.

Reuters კი წერს, რომ საქართველოს თავის ჩრდილოეთ მეზობელთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტუაცია გამწვავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით და ასევე რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო, ამ დროს კი The Killers ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას, დიდი პროტესტი მოჰყვა.

“ამერიკულმა ალტერნატიულმა ბენდმა The Killers ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარებულ კონცერტზე სცენაზე რუსი დრამერი ამოიყვანა, ასევე იმისთვის, რომ თაყვანისმცემლებს “ძმები და დები” უწოდა. საქართველოს თავის ჩრდილოეთ მეზობელთან დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სიტუაცია გამწვავდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით და ასევე, რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადის შემოდინების გამო.” – Reuters-სტატია.