მეთხუთმეტე დღე შოვში სტიქიიდან – ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია | 16.08.2023

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთოთხმეტე დღეა გრძელდება. ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % – ზე მეტი გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია. ოფიციალური ინფორმაციით ბოლო 24 საათში იდენტიფიცირებულია სამი ცხედარი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შოვის კოტეჯებში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ. სტიქიის ზონაში დაკარგულ 7 მოქალაქეს კვლავ ეძებენ.

პარალელურად, ონში სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან საქართველოს თავდაცვის ძალები. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს საველე მართვის პუნქტში ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალების უშუალო დავალებების, შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საძიებო სამუშაოების ადგილზეც იმყოფებოდა.