შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – 7 ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ | 15.08.2023

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. რაჭაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. 7 ადამიანს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ძებნის სამუშაოები გრძელდება როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

პარალელურად, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებში არიან ჩართულები. ისინი გადანაწილებულები არიან როგორც სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ, ასევე თავდაცვის ძალები შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ.