შეიქმნება თუ არა, პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია?! – ინიციატივა ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, თუმცა კომისიის შექმნის წინააღმდეგია არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ ოპოზციის ნაწილიც. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების კატეგორიულ წინააღმდეგობას იმის დასტურად თვლის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დასამალი ბევრი აქვს.
შოვში, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”. მათი შეფასებით, პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ. პარტიაში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მომხდარი ტრაგედიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს, ხოლო “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მავნებლურ ქმედებებს პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად იყენებს.
„ევროპული საქართველო თვლის, რომ ამ პარლამენტში შეუძლებელია საგამოძიებო კომისიის ინიციატივას რაიმე განვითარება ჰქონდეს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კომისიის შექმნაზე პროცედურები საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ დაიწყება. პარალელურად “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს. “ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში მოსვლა და დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა სექტემბრის ბოლო პარასკევს მოუწევს.