როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მრჩეველი | 15.08.2023

როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალში გახვეული ჩინური კომპანიის მრჩეველი. რადიო თავისუფლება ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ღარიბაშვილი, მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნებამდე, წელიწად-ნახევარი ჩინური კომპანიის მრჩევლად მუშაობდა საიდანაც ხელფასის სახეით 410 000 ლარი მიიღო. გამოცემის ინფორმაციით ამ დროს კომპანია CEFC უკვე გახვეული იყო საერთაშორისო სკანდალში. აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელმაც მილიარდობით დოლარის გარიგებები დადო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სინამდვილეში „ფინანსური პირამიდა“ ჰქონდა აწყობილი;მისი ერთ-ერთი დირექტორი 2017 წელს შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს აფრიკის 2 ქვეყნის მაღალჩინოსნების მოქრთამვისა და კორუფციის ბრალდებით. კორპორაციის დამფუძნებელი კი 2018 წლიდან – მას შემდეგ, რაც ჩინეთში მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს – გაუჩინარებულია.

ჩინური კომპანია საქართველოში ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, 2015 წლის 27 მაისს გამოჩნდა. CEFC-ის კომპანიასთან თანამშრომლობა განაგრძო შემდეგმა პრემიერმაც გიორგი კვირიკაშვილმა. 2017 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავრობა CEFC-ს გაუფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“.

კომპანიას ქართულ ბაზარზე შემოსვლის თანავე საერთაშორისო სკანდალი წამოეწია. კომპანიის არასამთავრობო ფლანგის“ ხელმძღვანელი, პატრიკ ჰო ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით აშშ-ში დააპატიმრეს. ჰოს დაკავებით შეშინებული იე ძიანმინი, რომელიც კომპანიის დამფუძნებელი იყო, გაუჩინარდა.

“2018 წლის 18 თებერვალს – ორიოდე კვირით ადრე იეს „გაუჩინარებამდე“ და სამიოდე თვის შემდეგ ჰოს დაპატიმრებიდან – ქართულ სააგენტო „ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნდა ფასიანი სარეკლამო ცნობა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.ღარიბაშვილს ამ დროს მთავრობაში პოსტი აღარ ეკავა. იგი ხელისუფლებაში 2019 წელს დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ.მომდევნო წლებში მის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე – ანუ დაახლოებით წელიწად-ნახევარში – ხელზე 410 702 ლარი მიიღო კომპანია „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფისგან“. ეს ის კომპანიაა, რომელიც ამ დრომდე მართავს CEFC-ის („ევრო-აზიურის“) აქტივებს საქართველოში.” – რადიო თავისუფლების სტატია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, CEFC-ის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ, საქართველოში მისი აქტივები ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენთან, ვანო ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ გადაიბარა. “ევრაზიან ინვესტი“, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ ორ კომპანიას ეკუთვნის: 51% – Brightstone Finances Limited-ს;
49% – Ecliton Commerce Corp-ს.

2021 წელს „პანდორა პეიპერსის“ მიერ გამოქვეყნებყლი ინფორმაცია აჩვენებს, რომ საკონტროლო პაკეტის მქონე Brightstone ბიძინა ივანიშვილის კომპანიაა.