კობახიძეს სტიქიას გადარჩენილი ადამიანების ისტორიების არ სჯერა – რა თქვა „ოცნების“ ლიდერმა ბრიფინგზე | 14.08.2023

სტიქიას საკუთარი ძალებით გადარჩენილი ადამიანების ისტორიების კობახიძეს არ სჯერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ტყუილი და სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა. საუბარია ანასტასიაზე, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა და რომელზეც ჩანს, რომ ის ღვარცოფული მასის პირისპირ დგას და გადარჩენას ცდილობს. კობახიძემ თქვა, რომ სტიქია მყისიერი იყო და დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტ ადამიანს ვერ გადაარჩენდნენ.

კობახიძემ, ფაქტობრივად, ტყუილში დაადანაშაულა დავით ჯელაძეც. ადამიანი, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში, ოჯახის წევრებთან ერთად მეწყერში მოყვა. მან გადარჩენის მიზნით, საკუთარი დისშვილი ზურგზე მოიკიდა და ღვარცოფული მასის მიუხედავად, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაიყვანა. კობახიძემ დღეს თქვა, რომ ამ ისტორიის ნამდვილობა დასადგენია, რადგან თვითონ ადგილზე მეორე დღეს ჩავიდა და ნახა, რომ იმ ტერიტორიაზე გადასვლა, რომელზეც დავით ჯელაძე საუბრობს, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.

კობახიძის განცხადებას პასუხობენ სტიქიას საკუთარი ძალებით გადარჩენილი ადამიანები. „ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგიდან მალევე დავით ჯელაძემ, მარიამ ბერიანიძემ და ლანა ჯელაძემ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ხელისუფლება დაზარალებულებზე ზრუნვის ნაცვლად, მათ შეურაცხყოფას აყენებს. სტიქიას გადარჩენილების თქმით, მეწყერში 3 საათის განმავლობაში იყვნენ მოყოლილი და დახმარებას უშედეგოდ ითხოვდნენ.

“3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი! 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს! იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა,” – მარიამ ბერიანიძის პოსტი.

“ჩემი თვალით ვხედავდი როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!” – გიორგი ადამიას პოსტი.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ღვარცოფულმა მასამ შოვი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე პირველი ვერტმფრენი სტიქიიდან 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10-მდე მოქალაქე.