“ლაგუნა ვერე” გაიყიდა – ფონდმა ქართუმ ლაგუნა ვერე შპს ნეო სითი დეველოპმენტს მიყიდა | 11.08.2023

“ლაგუნა ვერე” გაიყიდა – ფონდმა ქართუმ ლაგუნა ვერე შპს ნეო სითი დეველოპმენტს მიყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 12 665 კვ.მ-ის ფართობის მქონე ტერიტორია შპს ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ლაგუნა ვერეს” ახალი მფლობელი 2023 წლის 23 მარტს რეგისტრირებული შპს ნეო სითი დეველოპმენტია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი, წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი, მარიკა ვერულაშვილია. კომპანიის დირექტორი კი ტარიელ გაბუნიაა.

“ლაგუნა ვერეს” ახალი მფლობელი აპირებს რომ კომპლექსს პირვანდელი სახე დაუბრუნოს, კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად დაგეგმილია საცურაო კომპლექსისა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა.

“დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კველევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად. კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველ სახეს,” – New City Development – ის განცხადება.

თბილისის მერი იანვარში ამბობდა, რომ „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგებოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობაც გადაუხადა.

დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ “ლაგუნა ვერეს” გარდა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ” მარიკა ვერულაშვილის კომპანიას იპოდრომის ტერიტორიის ნაწილიც მიყიდა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედნის მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდმა „ქართუმ“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის 65-სართულიანი ცათამბჯენების აშენება გასული წლის ბოლოს დააანონსა. დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია“, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“. თავდაპირველი პროექტით მაქსიმუმ 65 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იყო გეგმაში, განახლებული დოკუმენტაციის მიხედვით, სართულების რაოდენობის მაქსიმუმი 52-მდე შემცირდა.