შოვში სტიქიის პირველ ღამეს ვერტმფრენის აუცილებლობა არ იყო- თემურ მღებრიშვილის შემაჯამებელი ბრიფინგი | 10.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ მაშველები გარდაცვლილთა ცხედრებს ან მათ ფრაგმენტებს იპოვიან. თემურ მღებრიშვილმა შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შოვში სამაშველო სამუშაოების დროს ტრაგედიის პირველივე წუთებიდან არაფერი დაუკლიათ.

მღებრიშივლის თქმით, სტიქიური მოვლენის შემდეგ, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება – 135 პირთან დაკავშირებით, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირის დაკარგვის შესახებ.

ბრიფინგზე მღებრიშვილმა განმარტა, რომ სტიქიის პირველ ღამეს ვერტმფრენის აუცილებლობა არ იყო. რადგან ადგილზე მობილიზებული ჰქონდათ შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც დატბორილ არეალს აფიქსირებდა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში კონკრეტული ლოკაციებია, სადაც გარკვეული მინიშნებებია აღმოჩენილი და იქ უკვე მეხანძრე მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ. მღებრიშვილის თქმით, წინასწარ პროგნოზირება, რა პერიოდში მოხდება ტერიტორიის სრულად გადამოწმება, შეუძლებელია.