“რიკოთზე სამუშაოები არაპროფესიონალურად ტარდება, რაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის” | 10.08.2023

პარტია „ლელო“ რიკოთის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობის მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რიკოთზე სამუშაოები არაპროფესიონალურად ტარდება, რაც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. კუპრაძის თქმით, „ლელოს“ წევრები არ დაელოდებიან ხელისუფლების დაგვიანებულ ქმედებებს და დღესვე დაიწყებენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას, რომლებმაც რიკოთზე მიმდინარე სამუშაოები დააფინანსეს და მათ თხოვნით მიმართავენ, შეისწავლონ არსებული რისკები.  „ლელო“ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაოების შესწავლის მონიტორინგის პროცესს უხელმძღვანელოს.

რიკოთზე არსებული სახიფათო მდგომარეობის შესახებ საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ლაშა ფარულავას თქმით, მოსალოდნელი საშიშროებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პერსონალურად, რეგიონული განვითარების და ინფრასტქრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს ეკისრება.

რიკოთზე ახალი გზის მშენებლობისას მეწყრული პროცესები რამდენჯერმე განვითარდა. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემთხვევა 13 მარტს მოხდა, როცა რიკოთის უღელტეხილზე მშენებარე ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე, სოფელ ძირულასთან ფერდი ჩამოიშალა და გვირაბის ნაწილი დააზიანა. მსგავსი შემთხვევა მოხდა 11 აპრილსაც. მაშინ რიკოთზე ქვათაცვენის გამო სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილიც იყო. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე სატრანსპორტო შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს. 7 საათიდან 21:00 საათამდე რიკოთზე გადაადგილება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის არის დაშვებული, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კი გადაადგილების უფლება მხოლოდ სატვირთო მანქანებს აქვთ. რიკოთის უღელტეხილზე 4-დონიანი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა ე.წ „საუკუნის პროექტის“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს., რიკოთის 52-მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოების ფარგლებში ჩუმათელეთიდან ზესტაფონამდე 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება.