მწერლების დაუმორჩილებლობა – წულუკიანმა მწერალთა სახლი „ოცნების“ წევრ დუმბაძეს ჩააბარა | 10.08.2023

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი ქეთევან დუმბაძე დანიშნა. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ბრძანება უკვე გამოსცა.

ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის, ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება. სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს. ქეთევან ჩარკვიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში 84-ე ადგილზეა.

მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას. მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.

მწერალთა სახლის ხელმძღვანელად “ქართული ოცნების” დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნა კატეგორიულად მიუღებელია და დაუმორჩილებლობას უცხადებენ წულუკიანის პოლიტიკას მწერლები და გამომცემლები. ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სადაც ნათქვამია რომ არ იღებენ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა “რუსულ კანონს”.

“ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას. მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა “რუსულ კანონს”. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა,” – მწერლების ერთობლივი განცხადება.