ზელენსკი და არახამია აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით | 08.08.2023

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებთან ერთად  რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ბოლოს, ქართველ ხალხს ქართულ ენაზეც მიმართა და თქვა, რომ თავისუფლება, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს.

რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია. არახამია წერს, რომ ქართველი ერი 2008 წელს გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან.

“დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას. დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გავუძლებთ, არამედ დავამარცხებთ სამყაროს მთავარ მტერს – პუტინს! და ეს ხდება ქართველი მებრძოლების მონაწილეობით და ეს მოუტანს მშვიდობას და ბედნიერებას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ჩვენთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს! დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყნებში ომი აღარასდროს იქნება!” – დავით არახამიას განცხადება.