“აგვისტოს ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო” – “ოცნება” მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე | 08.08.2023

რატომ მიიჩნევენ „ოცნების“ ლიდერები რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს და რატომ აბრალებენ სამხედრო მოქმედებების დაწყებას საკუთარ ქვეყანას. დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მყოფი ღარიბაშვილი გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ აგვისტოს ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ღარიბაშვილის თქმით, რუსული ჯარი საქართველოდან 2007 წელს გასული იყო და ის ქვეყანაში, უგუნური პოლიტიკის შედეგად, წინა ხელისუფლებამ შემოაბრუნა.

ღარიბაშვილი ტერიტორიების დროებით დაკარგვაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები რატომ ჩააბარა მან უბრძოლველად ქართული სოფლები რუსეთს. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ომის დაწყების თარიღად, რუსეთის მსგავსად, 8 აგვისტოს მიიჩნევს, დღეს ამტკიცებდა, რომ წინა ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას, ხალხს და გმირებს უღალატა.

რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. ოკუპანტი ქვეყანა 7 აგვისტოს ქართულ სოფლებს არტილერიის მეშვეობით დილის საათებიდან ბომბავდა. სწორედ ამიტომ, ომის დაწყების თარიღად საერთაშორისო პარტნიორები 7 აგვისტოს მიიჩნევენ. სწორედ გუშინ, 7 აგვისტოს გააკეთა განცხადება ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს არაერთმა პარტნიორმა. რუსულ აგრესიას შეწირულ გმირებს გუშინ მიაგეს პატივი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი უკვე წლებია, რაც ომში დაღუპულებს 8 აგვისტოს იხსენებს. ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებს რუსეთის ფედერაციაც.