15 წელი აგვისდტოს ომიდან | 07.08.2023

ომი, რომელმაც 228 მშვიდობიანი მოქალაქის, 170 სამხედროს და 14 პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსეთ–საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე გამთენიისას შემოიჭრნენ და სამხედრო იერიში წამოიწყეს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. ომი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12 აგვისტოს სამხედრო მოქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, რომელსაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რუსული აგრესიის შედეგად, საქართველომ დროებით დაკარგა 189 სოფელი, მათგან 125 დღემდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლდება.