მეწყერი შოვში – დღე მეხუთე | 07.08.2023

დღეს, ცნობილი გახდა, რომ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშრებით გამოძიება დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ  გამოძიება სტიქიური უბედურების დღესვე დაიწყო.   მისი თქმით, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. 14 ადამიანია  ამოცნობილი, ხოლო,  დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში, დაახლოებით 16 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100-ზე მეტი  სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში, 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე. მძიმე ტექნიკა გუშინ და დღეს მუშაობს, როგორც შოვის ტერიტორიაზე, ისე მდინარის კალაპოტში, ფონის გაგანიერების და გაწმენდის მიზნით. გუშინ მოხდა გზის გაყვანა მჟავე წყლების მიმართულებით, რადგან  სტიქიას გადარჩენილთა ინფორმაციით ღვარცოფის მოვარდნისას მოქალაქეების ერთ–ერთი კონცენტრაციის ადგილი სწორედ მჟავე წყლები იყო.