საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების თანაგრძნობა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო | 04.08.2023

საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები და ორგანიზაციები შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს თანაგრძნობას უცხადებენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან შოვში მიმდინარე მოვლენებს და გულწრფელად უსამძიმრებენ საქართველოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის გამო. სამძიმარი გამოთქვა საქართველოში ამერიკის საელჩომაც.

“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს,” – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

“ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია,” – ამერიკის საელჩო.

შოვში მომხდარის გამო სამძიმარი გამოთქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში თურქეთის საელჩომ, ასევე გერმანიის სახელით სამძიმარს გამოთქვამს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა. ორგანიზაცია სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების სწრაფად გადარჩენის იმედს გამოთქვამს.