როგორ უმკლავდება ხელისუფლება სტიქიას – ოპოზიციის კრიტიკა და ღარიბაშვილის პასუხი | 04.08.2023

რამდენად ეფექტურად უმკლავდება საქართველოს ხელისუფლება შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე  შეიწირა და რატომ არ ჰყავს სახელმწიფოს ღამის ხედვის ვერტმფრენები, რომელთა მეშვეობითაც, სტიქიის ადგილზე სამძებრო სამუშაოების ჩატარება  ღამითაც იქნებოდა შესაძლებელი – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხებსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნებისგან“ ითხოვენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაგვიანებულ რეაგირებასა და ვერტმფრენების არყოლაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც ქვეყანას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე აცხოვრებს.

ხელისუფლების არაკომპეტენტურობასა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს მამუკა ხაზარაძეც. პარტია „ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ სტიქიურ უბედურებას ისევ მოუმზადებელი შეხვდა.

შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დღეს გამოეხმაურა კახა კალაძე. დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რომელიც სტიქიამ გამოიწვია.