დამეწყრილი შოვი, დაკარგული და გარდაცვლილი ადამიანები – რა ხდება სტიქიის ზონაში | 04.08.2023

სტიქია რაჭაში – გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.  მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. დაკარგულების შესახებ ინფორმაცია კვლავ არაზუსტია. 25–ზე მეტ ადამიანთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.

ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღონისძიებაში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჯარიც.

სოციალურ ქსელებში უმძიმესი კადრები გავრცელდა. ადგილობრივები შოვში დილით ნაპოვნი 6 ადამიანის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხედრები უკვე გადაასვენეს.

ჩარჩენილი ადამიანების სტატისტიკა ყოველ წუთს იცვლება, ადამიანები საკუთარ ახლობლებს ეძებენ. სტიქიის არეალიდან გამოყვანილი მოქალაქეები ღამით სასტუმროებში და სპეციალურად მოწყობილ უსაფრთხო სივრცეში გადაიყვანეს.

რაჭაში რამდენიმე დასახლება პრაქტიკულად აღარ არსებობს. მიწასთან არის გასწორებული კურორტი შოვიც.  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ მეწყერმა ჭალაში არსებული კოტეჯები სრულად გაანადგურა.

მღებრიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, რის გამოც მაშველები მაქსიმალურად ფრთხილად მუშაობენ. მისი თქმით, კოტეჯების ადგილზე ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ტალახში ეფლობიან. თემურ მღებრიშვილის განმარტებით, ახლა ტექნიკა შეჰყავთ, რომ გზა გაიჭრას.

გეოლოგების ინფრომაციით მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა.  მათი თქმით 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრის მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა.  მიწის მასა ჩამოწვა სასტუმრო “სანსეტ შოვის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერი ძლიერ წვიმას მოჰყვა. ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა დაანგრია შოვისკენ მიმავალი გზები და ორი ხიდი. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, კურორტ შოვის ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად განადგურებულია.

მეწყრული პროცესი ძალიან მცირე დროში განვითარდა და დიდი გეოგრაფიული არეალი დაფარა. განადგურებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ტერიტორიაზე მოხვედრა, სადაც გარე სამყაროს მოწყვეტილი ადამიანები იმყოფებოდნენ, გართულდა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფელს გაეთიშა ელექტროენერგია.