ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმა ხელისუფლებისთვის არააქტუალურია – “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” | 03.08.2023

საქართველოში ნარკოდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა.  “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით  2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით, 41%-ით არის გაზრდილი. როგორც ორგანიზაციის კვლევით ირკვევა, 2022 წელს 5,471 ნარკოდანაშაული დარეგისტრირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,873-ს შეადგენდა.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მზარდი სტატისტიკა პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნით არის განპირობებული, თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ფაქტორებიც, რომლებიც მაჩვენებელზე ახდენს გავლენას.

კვლევის მიხედვით,  საანგარიშო წელს ნარკოტიკული დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს ყველაზე ხშირად პირობითი სასჯელი ენიშნებათ. ანგარიშის ფარგლებში  გამოიკვეთა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მხოლოდ ფრაგმენტული და წერტილოვანი პროგრამები ხორციელდება, რაც მასშტაბურ და გრძელვადიან შედეგს ვერ უზრუნველყოფს.  კვლევაში საუბარია, რომ საქართველოს მოქმედი ნარკოკანონმდებლობა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე  კვლავ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებასა და მიწოდების შეზღუდვისკენაა მიმართული და კანონმდებლობა კვლავ  დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმა ხელისუფლებისთვის არააქტუალურია.