მეწყერი კურორტ შოვში დაახლოებით 4 საათისთვის ჩამოწვა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამოწოლილმა მიწამ კოტეჯები და მანქანები ჩაიტანა.16 ადამიანი კი მეწყერში მოყვა, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა შოვის შესასვლელთან მდებარე ხიდი, მეწყერმა წაიღო ცენტრალური გზის მონაკვეთები.
მოგვიანებით, მეწყერის ზონაში მყოფმა მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს სტიქიის ამსახველი ვიდეოები, მათ შორის სასტუმრო “სან–სეტ შოვის” სტუმრებმა და შველა ითხოვეს. კადრებში ჩანს, რომ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ტალახის სქელი ფენით არის დაფარული. დამსვენებლები მაშველების სასწრაფოდ ჩასვლას ითხოვდნენ.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც იყვნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ამოჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვი ტალახის სქელი ფენიდან.
შოვში მყოფი მოქალაქეები მეწყერის გამო გარესამყაროს მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. გზების დაზიანების გამო იქ სამაშველო ჯგუფების დროულად ჩასვლა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე ტექნიკის მობილიზება და დამატება დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით კი ადგილზე გაემგზავრნენ მაშველები და პოლიციელები. თუმცა სამაშველო სამსახურმა პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მომხდარის შესახებ მათ არ ჰქონდათ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ზონაში ბევრად მეტი ადამიანი იყო ჩარჩენილი, ვიდრე თავდაპირველად დასახელდა.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს.