დაპირისპირება ზუგდიდში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის | 03.08.2023

დაპირისპირება ზუგდიდში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის მძღოლების ნაწილის მიერ გამართულ აქციაზე დაიწყო, რომლის მონაწილეები ახალი ავტოსადგურის გახსნას აპროტესტებდნენ. მძღოლები, რომლებიც რეისებს ზუგდიდის ცენტრალური ავტოსადგურიდან ახორციელებენ, სავაჭრო ცენტრ ალიანსთან შეიკრიბნენ, სადაც 15 ივლისიდან ახალი სადგური გაიხსნა. მძღოლები ამბობენ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილი სადგურები მათ მგზავრებს აკარგვინებს.

მძღოლები, რომლებიც რეისებს ცენტრალური ავტოსადგურიდან ასრულებენ, მოითხოვენ ხელისუფლებამ საქალაქთაშორისო რეისები კანონით დაარეგულიროს და თვითნებურად გახსნილი სადგურები დახუროს. მათი თქმით, ამ მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მძღოლები ამბობენ, რომ შექმნილი სიტუაციის გამო მათ ვალები დაუგროვდათ.

ახლადგახსნილი ავტოსადგურის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებს, სადგურის დირექტორი კი ამბობს, რომ მათ ახალი სადგური ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის ბრძანებულების შესაბამისად გახსნეს და კანონი არ დაურღვევიათ, ტარიფებიც იგივე აქვთ, რაც ცენტრალური სადგურის რეისებზეა.

მძღოლების აქციაზე დღეს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირებულ მძღოლებს პოლიცია აშველებდა.