ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც საქართველოში არსებული ვითარებაცაა შეფასებული.დოკუმენტის მიხედვით ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხები.
“საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით. შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. კვლავ შემაშფოთებელია ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ევროკავშირი ადვოკატირებას უწევდა და ხელს უწყობდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელებას, გენდერული თანასწორობის წინ წამოწევას და გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ევროკავშირმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლგბტ თემის უფლებების, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების უფლების დაცვის ადვოკატირებაზე. 2022 წლის განმავლობაში ევროკავშირი ჩართული იყო რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგში საქართველოსთან, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა, საქართველოს წახალისების მიზნით, შეემუშავებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. ეს მოიცავდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგულარულ შეხვედრებს გაერო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ევროკავშირის HumanRights4all პროგრამის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგია მოიწონა ასოცირების საბჭოს სხდომის წინ და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. თუმცა, ამ პროცესს აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავების თაობაზე დიალოგი გრძელდება. ევროკავშირმა შემოიტანა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი საკითხების ინტეგრირებას, რომლებსაც სტრატეგია არ ითვალისწინებდა, როგორებიცაა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ზომების მიღება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება“, – ნათქვამია ანგარიშში.