ციხის იზოლატორები „მცურავი ოკუპაციის“ გაპროტესტებისთვის – რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ ბათუმში | 01.08.2023

23 დაკავებული, მათ შორის, ერთი უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი და რამდენიმე ნაცემი აქტივისტი – ასეთია ბათუმის პორტში, გუშინ, პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგი. სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ანთაძის შვილიც, რომლის სასამართლო პროცესი ბათუმში დღეს გაიმართა.  ის, გუშინ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს და ბრალი პოლიციისათვის დაუმორჩილებლობაში ედება. ანთაძეს ფიზიკური დაზიანებების კვალი სხეულზე ამ დრომდე ეტყობა. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.

პოლიციელების ქმედებებს ძალის გადამეტად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურას ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.