კობახიძემ ხალხის პროტესტი ნაცების აქციად გამოაცხადა- „ოცნებისთვის“ რუსების ბათუმური ვოიაჟი მისაღებია | 01.08.2023

ბათუმის პორტში გუშინ განვითარებული მოვლენები, რა დროსაც პოლიციამ რკინის ჯებირებით და სპეციალური მიკროავტობუსებით პუტინის პროპაგანდისტების კომფორტზე იზრუნა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს კი ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილი ძალადობრივად დააკავა, პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის მთავარი თემაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საკრუიზო ლაინერის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟით კოლექტიური ნაცმოძრაობა საქართველოს ეკონომიკის დაზიანებას შეეცადა. კობახიძემ ძირითადი აქცენტი რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოსვლით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელზე გააკეთა, თუმცა არაფერი თქვა იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც, შესაძლოა, საქართველო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ხმელეთით, ცით და, ახლა უკვე, ზღვით შემოდინების გამო აღმოჩნდეს.

კობახიძემ მოქალაქეების პროტესტი, ქვეყანაში ომის მომხრე კრემლის პროპაგანდისტების შემოსვლაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად მონათლა და თქვა, რომ რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი აქტივი ბათუმში მთელი ქვეყნიდან ჩაიყვანა, თუმცა 150 კაცზე მეტი მაინც ვერ შეკრიბეს. კობახიძემ სამართალდამცველების ძალადობრივ ქმედებებზე არაფერი თქვა და, პირიქით,პოლიციელებს პროვოკაციაზე ღირსეული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა. სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ ჟურნალისტების მიერ რუსი ტურისტებისთვის დასმული კითხვები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, პროვოკაციაა. მისივე თქმით, ეს იგივეა, რაც სერბეთში ჩასულ ფრანგ, გერმანელ და ამერიკელ ტურისტს შეკითხვა კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ დაუსვან.

„ასტორია გრანდეს“ საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში, გუშინ, დილის 6 საათზე შემოვიდა. სამართალდამცველებმა გემზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით, რკინის ჯებირებით პორტის შემოსაზღვრა ღამის 12 საათიდან დაიწყეს. პუტინის პროპაგანდისტებს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტით დახვდნენ. სამართალდამცავებმა ე.წ რუსი ტურისტები კრუიზიდან სპეციალური ავტობუსებით გაიყვანეს, აქციის მონაწილეებს კი გაუსწორდნენ და 23 მათგანი ძალის გამოყენებით დააკავეს. ე.წ. „ვარსკვლავური კრუიზმა“ ბათუმის პორტი, პროტესტის გამო, დროზე ადრე, დაახლოებით, 8 საათისთვის დატოვა. კომპანიამ კრუიზის მომავალი მარშრუტებიდან ბათუმის პორტი ამოიღო.