„ქაჯობა“ თუ ოკუპაციისთვის გაცემული პასუხი | 31.07.2023

“რუსული გემისათვის გაცემული პასუხი იქცა რუსული ოკუპაციისათვის გაცემული პასუხის – არდანებების სიმბოლოდ” – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ბათუმის პორტში რუსებით დატვირთული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას და ბათუმელების პროტესტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია.

“რუსული გემი იქცა რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ, ისევე როგორც რუსული გემისათვის გაცემული პასუხი იქცა რუსული ოკუპაციისათვის გაცემული პასუხის – არდანებების სიმბოლოდ.

კარგია, რომ გემის მარშუტიდან ამოღებულია ბათუმი, თუმცა ყოველკვირეულად ათობით რეისი ჯდება რუსეთიდან და რაც მთავარია – რუსული ხელისუფლება ზის მყარად მთავრობაში.

რუსული მთავრობის “შედეგებთან” ბრძოლით, არ უნდა  მივცეთ ხელისუფლებას საშუალება და თავს უფლება, გამოგვაშვებინონ ორთქლი, გამარჯვება გვაზეიმონ, როგორც ვიზეიმეთ რუსული კანონის შემთხვევაში და შემდეგ “მივიღეთ” რუსული ფრენა; უნდა გვახსოვდეს, მიზეზია დასამარცხებელი, რომ გაქრეს შედეგები…

ამისთვის კი მიზანზე ორიენტაცია, თანმიმდევრულობა, რეალობის სწორი აღქმა და შესაბამისი მუდმივი ბრძოლაა საჭირო.”  – წერს ნიკა მელია.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებ სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც.  მისი თქმით”ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს

“ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – ოცნების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია. ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!” – წერს გიორგი გახარია.

31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში  საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან. ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც.