პოლიცია გაუსწორდა მოქალაქეებს, რომლებმაც ბათუმის პორტში „ასტორია გრანდეს“ საკრუიზო ლაინერით პუტინის პროპაგანდისტების ჩამოსვლა გააპროტესტეს. სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება, დღეს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ომის მხარდამჭერი არტისტები და ჟურნალისტები საკრუიზო ხომალდიდან სპეციალური ავტობუსებით გაიყვანა. აქციის მონაწილეებმა მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს.
სამართალდამცველებმა ჯამში, 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეა.
პროტესტის შემდეგ, საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.
„ასტორია გრანდეს“ საკრუიზო ლაინერი სოჭის პორტიდან 29 ივლისს დაიძრა. ე.წ „ვარსკვლავური კრუიზით“ ბათუმში რუსეთის 800-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, მათ შორის, არის: რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი „ზა რასიუ“ მარათონის მონაწილე და უკრაინის მიერ სანქცირებული მომღერალი, მიტია ფომინი. ქართული კერძების დასაგემოვნებლად ბათუმში, ასევე, ჩამოვიდა ბელარუსი არტისტი, დმიტრი კულდონი, რომელმაც ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, 2018 წელს, კონცერტი გამართა. ასევე, საქართველოში საკრუიზო ლაინერით შემოვიდნენ უკრაინაში ომის მომხრე, წარმოშობით ქართველი ძმები ანდრეი და ვალერი ბერბიჭაძეები, თავიანთი რუსული მუსიკალური ჯგუფით “ტესტოსტერონი“. ბორტზე იმყოფებიან პროპაგანდისტული ტელევიზია RU.TV-ის ჟურნალისტებიც.