29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate არის. გამოფენის სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სახე ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი, ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც მომხმარებელს “ექსკლუზიურად დაბალ ფასებს” სთავაზობს. სარეკლამო რგოლში ფირცხალავა ამბობს, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ კონცერტსაც გამართავს. გარდა ამისა, გამოფენაზე სტუმრებს ჰპირდებიან – კონსულტაციას დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოში თანხების გადარიცხვის შესახებ, ასევე, იურიდიულ კონსულტაციას, უნიკალურ საინვესტიციო შეთავაზებებს.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებილი ინფორმაციის მიხედვით,ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართული სამშენებლო კომპანიებიც: არქი , Dreamland Oasis Chakvi, Metro city Batumi;Gumbati ჯგუფი, Green Cape Batumi.
კომპანია “გუმბათი ჯგუფი” რომელიც ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის ვებგვერდზე მონაწილეებს შორის არის დასახელებული, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვაია, რომ მათ რუსებისთვის მოწყობილ უძრავი ქონების გამოფენა– გაყიდვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მათი სახელი და ლოგო კი უნებართვოდ იქნა გამოყენებული.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია საჭიროდ მიიჩნევს, საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია PEOPLE-REAL ESTATE-ის მიერ ორგანიზებულ გამოფენასთან დაკავშირებით.ვადასტურებთ, რომ შემოთავაზება ნამდვილად გვქონდა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობაზე მაშინვე უარი განვაცხადეთ.კომპანიის სახელი და ლოგო უნებართვოდ იქნა გამოყენებული”, – “გუმბათი ჯგუფი”განცხადება.
იგივეს აცხადებს კომპანია კომპანია “არქი”, რომელიც ასევე მონაწილეთა სიაში იყო მითითებული. არქის ინფორმაციით კომპანიის ლოგო და სახელი ნებართვის გარეშე გამოიყენეს. არქის განცხადებით მათ ორგანიზატორებისგან ინფორმაციის შესწორება მოითხოვეს.
“გაცნობებთ, რომ არქი არ იღებს მონაწილეობას ბათუმში გამართულ People – Real Estate-ის გამოფენაში.არქის ლოგოს გამოყენება მოხდა კომპანიის დაუკითხავად, რაზეც დაუყოვნებლივ მივმართეთ ღონისძიების ორგანიზატორებს და მკაცრად მოვთხოვეთ ინფორმაციის დაკორექტირება. მოცემული მომენტისთვის ვებ გვერდზე უკვე დაკორექტირებულია ინფორმაცია.ყველა ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ კომპანიის სასაქონლო ნიშნის ნებართვის გარეშე გამოყენება კანონდარღვევაა”, – კომპანია “არქი”-ს განცხადება.
ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე აღარ იძებნება. სავარაუდოდ, ღონისძიება გაუქმდა.
უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე რუსეთის მოქალაქეების აქტიურობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. ბოლო თვეებში ინტერნეტში ათობით პლატფორმა გაჩნდა, სადაც რუსეთიდან საქართველოში სხვადასხვა დროს ჩამოსულები რჩევებს აძლევენ მათ, ვისაც ეს გზა ახლა აქვს გასავლელი. როგორ მოიკიდონ ფეხი საქართველოში, სად დააბანდონ ფული მომგებიანად, როგორ აიცილონ ის უსიამოვნებები, რაც ადგილობრივ, დაბალკვალიფიციურ ხელოსნებთან თანამშრომლობისას ელოდებათ – რჩევები პრაქტიკული და გამოცდილებაზე დაფუძნებულია. შეიქმნა კომპანიებიც, რომლებიც იურიდიულ და საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც საქართველოში აპირებს ცხოვრებას ან ბიზნესის დაწყებას.
2022 წლის განმავლობაში საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. საუბარია 15 ათას ბინაზე. იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, თუმცა ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული რამდენი მათგანი იყო ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. ასევე 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.რაც შეეხება 2023 წლის შედეგებს, პირველი კვარტლის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეებმა 5,159 ბინა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა 2,187 ბინა იყიდეს.
ქვეყანაში შემოსულია რუსეთის დაახლოებით 120 000 მოქალაქე, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ინტენსიურად ყიდულობენ ბინებს და სხვა უძრავ ქონებას. 2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა – 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1679 ადამიანს.