პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოები „ევექსის” დაქვემდებარებაში გადავიდა, შუახევში, ხულოსა და ქედაში სამშობიარო ბლოკები გაუქმდა. როგორც სურგულაძემ თქვა, „ევექსმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქმიანობა წამგებიანი იყო. პარტია “ლელო საქართველოსთვის” ხელისუფლებას მოუწოდებს, “ევექსთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას გადახედოს და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, სამშობიარო და საოპერაციო ბლოკები დაუბრუნოს. პარტიაში ამბობენ, რომ ბიზნეს ინტერესების გამო, დედების და ახალშობილების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ უნდა იდგეს. პარტიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, ზამთრის პერიოდშია, როცა გზები ჩაკეტილია და ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.