სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით ტვიტერზე ეხმიანება. სალომე ზურაბიშივლი ამბობს რომ ესზ რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებაა. ზურაბიშვილი ამ ფაქტს გმობს და საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს:
აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის აეროპორტი 49-წლიანი ვადით სარგებლობაში რუსულ მხარეს გადაეცემა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინვესტიციო გეგმის განხორციელებისა და მომდევნო ექსპლუატაციის შესახებ რატიფიცირება მოახდინა. შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ე.წ. პარლამენტის 30-მა წევრმა, ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი შემუშავებული იყო საოკუპაციო რეჟიმის იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის უწყებებთან ერთად.
აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება არეგულირებს აეროპორტში რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების საკითხებს და ასევე განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს. შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წელია, ამასთან 25 წელი იმოქმედებს განსაკუთებული საგადასახადო რეჟიმი.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას, რომელიც გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან, აფხაზეთის ოშმის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს, მრავალი წელია ცდილობს. 2006 წელს აეროპორტის ამოქმედების განზრახვის შესახებ მაშინდელმა დეფაქტო ლიდერმა სერგეი ბაგაპშმა განაცხადა. 2011 წელს აფსნი-პრესი იტყობინებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის მიზნით, ის რუსულ ჰოლდინგ „ნოვაპორტს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა. 2014 წელს კი – გავრცელდა ცნობები, რომ სოხუმის აეროპორტის „რეკონსტრუქციის“ თაობაზე ხელი მოეწერა „განზრახულობის ხელშეკრულებას“ კრასნოდარში მოქმედ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტთან“.
2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გახსნილიყო. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის გამო პროტესტი გამოთქვა და განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტვადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია.
ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სოხუმის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტი ჯერჯერობით არ გამოუთქვამს.