BBC–ს რუსული რედაქცია ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველოს პრემიერ მინისტრის მეგობრობას და მსგავსებას უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან, რომელიც ევროკავშირში ყველაზე ავტორიტარ მმართველად ითვლება. სტატიაში საუბარია იმ მსგავსებაზეც, რაც საქართველოს, რუსეთის და უნგრეთის ხელისუფლების პროპაგანდაში არსებობს. საქართველოს „ორბანიზაცია“. როგორ აირჩია ქვეყანამ უნგრეთის კონსერვატიული პოპულიზმი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ბიბისიმ სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა.
უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც ევროპაში აკრიტიკებენ თავისუფლების შეზღუდვისა ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის გამო, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მოსახერხებელი პარტნიორია, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო არჩევანი იმ ქვეყნისთვის, რომელიც იმედოვნებს ამ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.
ღარიბაშვილი იყო ღონისძიებაში მონაწილე ერთადერთი ქვეყნის ლიდერი მთავარი მომხსენებლის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გარდა. ღარიბაშვილის ჩასვლა კონსერვატორთა თავყრილობაზე, რომელსაც კრიტიკოსებმა პოპულისტებისა და ევროსკეპტიკოსების შეხვედრა უწოდეს, დემონსტრაციული, თუმცა არა ერთადერთი მაჩვენებელი იყო იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ლიბერალურ ღირებულებებს უპირისპირდება.