“დავით ხიდაშელი ხელუხლებელია” – რუსი ბიზნსმენისთვის გადაცემული რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორია | 26.07.2023

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების – თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძის და თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორია გადასცა, რომლის ფართობი 104 712 კვ.მ-ია. დეპუტატები მიწების გადაცემის საკითხს იკვლევენ და ამ მიზნით ისინი რეგიონში ჩავიდნენ. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების სასარგებლოდ,  ქვეყნის მტრობა და ღალატია . ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ოკუპაციის შემდეგ საქმე გავქვს ყველაზე დიდ რუსულ საქმესთან.

ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ ვითარება საგანგაშოა მათი შეფასებით, ამ ტერიტორიების გადაცემისას არ მომხდარა უსაფრთხოების თვალსაზრისით საკითხის შესწავლა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია – გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. ივანიშვილმა ხიდაშელს ამისთვის შემდეგ საჯაროდ გადაუხადა მადლობა.