მთავრობის პასუხისმგებლობაა დაცული იყოს სააკაშვილის უფლებები – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი | 25.07.2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი, მეთიუ მილერი, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებულია და ამ პოზიციას ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან პირად და საჯარო საუბრებში ხშირად აფიქსირებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც, გასულ კვირას, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებას შეეხებოდა, რომლითაც დიპლომატებმა „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდეს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის საქმეს. ძალიან შეშფოთებული ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას როგორც საჯაროდ, ისე პირად საუბრებში. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის  საჭირო სამედიცინო დახმარება, რათა დაცული იყოს მისი უფლებები. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე ყურადღებით დაკვირვებას”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.