საბერძნეთში რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ ტყის ხანძრის 82 კერის ჩასაქრობად. ყველაზე რთული მდგომარეობაა კუნძულ როდოსზე, სადაც ხანძარს ექვს დღეზე მეტია ებრძვიან. საბერძნეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ტყის ხანძრის გამო როდოსზე 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საბერძნეთში ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი – 46.4 გრადუსი დაფიქსირდა, – ინფორმაციას ადგილობირივი მედია ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა პელოპონესის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქ გიტეიოში დაფიქსირდა. 2006 წლის შემდეგ საბერძნეთში ეს ყველაზე მაღალი ტემპერატურის ახალი რეკორდია.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს, შუადღისას საბერძნეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. სიცხის გამო უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ათენის აკროპოლისი დაიხურა.