მიჭირს ვაგნერელების შეკავება – ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან | 24.07.2023

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ უჭირს ვაგნერელების შეკავება, რომლებიც პოლონეთში წასვლაზე ოცნებობენ. მისი თქმით, დაქირავებული ჯარისკაცები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჟეშოვში მიიჩქარიან.

რუსულმა და ბელორუსულმა ტელეარხებმა გაავრცელეს შეხვედრის დაწყების კადრები, სადაც ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ მან ჩაიტანა რუკა, რომელიც, მისი თქმით, ასახავს  პოლონეთის ჯარების გადასროლას მოკავშირე  სახელმწიფოს საზღვრებისკენ.

„მათ დაიწყეს პოლონეთის ჩართვა და აქტიურად აგროვებენ დაქირავებულ მებრძოლებს. მე სპეციალურად მოგიტანეთ რუკა პოლონეთის შეიარაღებული ძალების მოკავშირე სახელმწიფოს საზღვრებთან გადაყვანის შესახებ, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნიადაგი მზადდება“, – განუცხადა ლუკაშენკომ პუტინს.

ლუკაშენკოს განცხადებები  ბელორუსში ვაგნერელი ბოევიკების დიდი ჯგუფის ჩასვლის ფონზე გაკეთდა, რომლებიც იქ იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გარეშე წავიდნენ პუტინთან შეთანხმების ფარგლებში. ლუკაშენკოს ამ განცხადებებს წინ უძღვოდა ინფორმაცია ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. რიგი დამკვირვებლები გამოთქვამენ შიშს, რომ კრემლი შესაძლოა გეგმავდეს  „ცრუ დროშის“ პროვოკაციას პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ, რათა გააფართოვოს კონფლიქტი და  მასში ევროპული სახელმწიფოები ჩართოს.

ბელორუსის ლიდერმა პუტინს, უთხრა ისიც, რომ უკრაინის დაშლა მიუღებელია.