აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს მთავრობას 5-დღიან ვადას აძლევენ, იმისთვის რომ ჯანდაცვის უწყებამ კონკრეტული ვადა დაასახელოს, როდის შემოვა ქვეყანაში ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტი “ვოსორიდიტი”. მშობლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონკრეტულ პასუხს ვერ მიიღებენ, უწყვეტ პროტესტს ისევ გააგრძელებენ. იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების ოჯახები ამბობენ, რომ მათ სხვა გზა არ დაუტოვეს. მშობლებს აქვთ ეჭვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დროს შეგნებულად აჭიანურებს. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე თვის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან დაახლოებით ოცი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას. მათი მოთხოვნა ამ დრომდე არის მედიკამენტ „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანა.