ამერიკული სანქციები ყირგიზეთს რუსეთის დახმარებისთვის – იქნება თუ არა შემდეგი საქართველო | 21.07.2023

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოთხ ყირგიზულ კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, მონაწილეობდნენ რუსეთის მცდელობებში, გვერდი აუაროს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებს. აშშ-ის ხაზინაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკაში არსებული საწარმოები ხშირად ახორციელებდნენ კონტროლირებადი ელექტრონული კომპონენტების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. ზოგიერთი ქმედება კი მოიცავდა ორმაგი დანიშნულების ნივთებს რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის. სანქციების დაწესებამდე ყირგიზეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა სანქცირებული საქონლის რუსეთში რეექსპორტის თავიდან ასაცილებლად.

„უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკაში მდებარე საწარმოები ხშირად ახორციელებენ კონტროლირებადი ელექტრონული კომპონენტების და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში. ზოგიერთი მიწოდება  მოიცავდა ორმაგი დანიშნულების მგრძნობიარე ნივთებს რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის“, – აშშ-ს ხაზინის განცხადება.

აშშ-ის მიერ ყირგიზული კომპანიებისთვის სანქციების დაწესებამდე, „ვაშინგტონ პოსტი“ ბაიდენის ადმინისტრაციის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ბიშკეკში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების რამდენიმეთვიანი „უნაყოფო ვიზიტების“ შემდეგ მიიღეს.

იქნება თუ არა ამერიკული სანქციების შემდეგი სამიზნე საქართველო – ეს შეკითხვა განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ყირგიზეთი, თითქმის, იმავე მიზეზების გამო დაასანქცირეს რა ტიპის ბრალდებებიც რუსეთთან თანამშომრომლობის შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით სულ უფრო ხშირად ისმის დასავლურ მედიაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვან ზრდაზე დასავლური მედია არაერთხელ წერდა. იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელთა დახმარებით რუსეთი შეიძლება აკრძალულ, ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს იღებდნენ, რითაც მათი სამხედრო ინდუსტრია მარაგდება, საქართველოსთან ერთად სახელდებიან სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, და ტაჯიკეთი. ყირგიზეთი უკვე დასანქცირებულია. ვინ იქნება შემდეგი.

ოპოზიცია ამბობს, რომ ყირგიზეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოსთვისაც საყურადღებოა და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, არ იქნეს გამოყენებული რუსული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

იყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს ე.წ „შავ ხვრელად“ – ამ თემასთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოში ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი და სანქციების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრები გამართეს და პირადად მოისმინეს პასუხები კითხვებზე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით დასავლურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს შეეხებოდა. მაშინ მათ თქვეს, რომ რუსეთი აუცილებლად ეცდება სანქციებს გვერდი ყველა შესაძლო გზით აუაროს.

ცოტა ხნის წინ ქართული ორგანიზაციების და ინდივიდების შესაძლო სანქცირება დააანონსა  რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა. მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მის ჯგუფს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები აქვს, რომ ქართველი ინდივიდები და ორგანიზაციები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მისივე თქმით, ცნობილ ქართულ გვარებს სანქცირებულთა სიაში, მსოფლიო ზაფხულში იხილავს.