ღარიბაშვილის გუშინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ, თითქოს, ევროპარლამენტარები მოსყიდულები არიან, უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს და უკრაინამ შეუშალა ხელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი მსგავსი გზავნილებით მიზანმიმართულად ცდილობს დააზიანოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღარიბაშვილს ურჩევენ, ე.წ მოსყიდული ევროპარლამენტარების ძიებას თავი დაანებოს და კორუფცია მის მთავრობაში მოიკითხოს.
ღარიბაშვილის პრორუსულ და ანტიდასავლურ რიტორიკას იწონებენ და იმეორებენ „ოცნების“ ლიდერები. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული პოზიციები კორუფციით არის გამოწვეული.
ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თითქოს, უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყო, სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია. ის ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ თუ რამე უშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა.