ვაშაძე-ხაბეიშვილის პარტიების პოლიტიკური ერთობა – კიდევ ვინ შეუერთდება ახალ გაერთიანებას | 20.07.2023

დღეს ცნობილი გადება რა ფორმით გააგრძელებენ პარტნიორობას “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. ვაშაძე-ხაბეიშვილის პარტიების  პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივი პრეკონფერენცია დღის ბოლოს, 8 საათზეა დაგეგმილი. ‘სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანების საკითხზე კონსულტაციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდა, რის შესახებაც ორივე პარტიის წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია ის თუ რა ბედი ეწევა ვაშაძე-ჯაფარიძე -ხოშტარიას ცნობილ ტრიოს, რადგან ვაშაძის პარტიისაგან განსხვავებით “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსს ჯერჯერობით არ უერთდებიან. “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს რომ  ოპოზიციამ რესურსი ერთმანეთთან კონკურენციაზე არ უნდა დახარჯოს.

პარალელურად, სახელისუფლებო მედია ავრცელებს ინფორმაციას რომ გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია და გოკა გაბაშვილი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ. ისინი აეროპორტში გადაღებულ კადრებს და გიგი უგულავას კომენტარსაც ავრცელებენ, რომელიც ადასტურებს, რომ კეზერაშვილთან მიდის.

მოგვიანებით ელენე ხოშტარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც”ნაციონალურ მოძრაობასა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პარტნიორობას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში “დროა” არ იქნება. მისი თქმით, დროას მისი საარჩევნო განაცხადი ექნება.

“სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი. ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად ოყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს”, – წერს ელენე ხოშტარია.