FARA სააკაშვილისთსვის დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობებს აქვეყნებს – შეფასებები თბილისში | 19.07.2023

“სიმულიანტი სააკაშვილი და მისი ოჯახი მტრობს ჩვენს სახელმწიფოს, მათი მიზანია, რომ ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა” – ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტურ კამპანიაზეა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ის ქვეყნის მტერია. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირების ინტერესებია, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს გავრცელებულ დოკუმენტს იმის მტკიცებულებად თვლის, რომ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას ებრძვის და ახსნა განმარტებებს ელის. წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილი ლობისტების მეშვეობით საქართველოს დასანქცირებისთვის მუშაობს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს, მათ შორისაა: „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანტებთან; ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება; მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ CNN-თან;  კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შეტანის, ტექსტისა და მასალების მომზადებასთან დაკავშირებით; კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლისთვის მასალების გადაცემის მიზნით; კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად; ამერიკელი სენატორების დარწმუნების სტრატეგია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში;

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ლობისტებს დაევალათ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, მისი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.

რაც შეეხება „ჯიპი ინთერნეშენალის“ საქმიანობას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომპანიამ უზრუნველყო სტრატეგიული კონსულტაცია, სტრატეგიული კომუნიკაციები და საინფორმაციო საქმიანობა გიული ალასანიას მხარდასაჭერად, მიხეილ სააკაშვილისა და მისი იურიდიული გუნდის სახელით, სააკაშვილის ჯანმრთელობის სტატუსთან დაკავშირებით მეტი ინფორმირების მიზნით და ყოფილი პრეზიდენტის ჰუმანიტარული თუ სამართლებრივი საბაბით გასათავისუფლებლად მხარდაჭერის მოპოვებისთვის.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, კომპანია „ჯიპი ინთერნეშენალის“ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის გადახდილია 96 ათას 393 ამერიკული დოლარი. თანხის გადამრიცხავებს შორის არიან გიული ალასანია, თემურ ალასანია და კომპანია „აკერმანი“. მათგან ყველაზე მსხვილი გადარიცხვა თემურ ალასანიამ განახორციელა თითქმის 32 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ამასთან, კომპანია „აკერმანის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო ლობისტური საქმიანობისთვის თემურ ალასანიასგან, საერთო ჯამში, 75 ათას 451 დოლარი მიიღეს.