“შიმშილი, როგორც იარაღი” – უკვე მეორე დღეა რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარცვლეულის შეთანხმება რუსეთის გარეშე უნდა გაგრძელდეს. ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, წუხელ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოების და შავი ზღვით პროდუქტის გატანის აღსადგენად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს იარაღად გამოიყენოს შიმშილი და დესტაბილიზაცია გლობალურ სასურსათო ბაზარზე. ზელენსკის თქმით, „ტერორისტი სახელმწიფო“ საფრთხის ქვეშ აყენებს 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე.
“უკრაინული სურსათი უსაფრთხოების ძირითადი წყაროა თითქმის 400 მილიონი ადამიანისთვის. თუ სადღაც კრემლში ადამიანების ჯგუფს ჰგონია, რომ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, იქნება თუ არა მაგიდაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში თუ სუდანში, იემენში ან ბანგლადეშში, ჩინეთში ან ინდოეთში, თურქეთში თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟის უფლებას არავის მისცემს. ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე რუსული სიგიჟისგან. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია და ის უნდა გაგრძელდეს რუსეთის გარეშეც. მარცვლეულის შესახებ ექსპორტის შეთანხმება არის შეთანხმება თურქეთთან და გაეროსთან და ის ძალაში რჩება. ერთადერთი, რაც ახლა საჭიროა – მისი ფრთხილად განხორციელებაა და გადამწყვეტი ზეწოლა მსოფლიოს მხრიდან ტერორისტულ სახელმწიფოზე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
დასავლელი ლიდერები პუტინის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. “მარცვლეულის შეთანხმებაზე” რუსეთის უარმა ხორბალსა და სიმინდზე მსოფლიო ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. ლიდერები მოუწოდებენ კრემლს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რათა არ დაზარალდეს მილიონობით დაუცველი ადამიანი მთელს მსოფლიოში.
რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების დაუყოვნვებლივ განახლებისკენ მოუწოდებს ევროკავშირი და სრულ პასუხისმგებლობას მსოფლიოში სურსათის ფასების ზრდაზე და მარცვლეულის მიწოდების შეფერხებაზე რუსეთს აკისრებს.
თავის მხრივ, მოსკოვი ამბობს, რომ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი შესრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები.
ოფიციალური განცხადება მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მოსკოვმა გუშინ, ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ გააკეთა, თუმცა მის ამ გადაწყვეტილებას ამ ინციდენტამდეც ელოდნენ. რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც ომის მიუხედავად უკრაინას სურსათის შავი ზღვის პორტებიდან გატანის საშუალებას აძლევდა და რომლის ვადა 17 ივლისს ამოეწურა.
შეთანხმებიდან გასვლით რუსეთი აუქმებს ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიებს და ხურავს საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთში. მოსკოვი ასევე აღადგენს „დროებით სახიფათო ზონის“ რეჟიმს ჩრდილო-დასავლეთ შავ ზღვაში. სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს ამოწმებდა, დაიშლება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე შავი ზღვის ინიციატივა 18 ივლისიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს“, –
ამავდროულად, მოსკოვი მზად იქნება მარცვლეულის გარიგების აღდგენა “განიხილოს” “მხოლოდ კონკრეტული შედეგების მიღების შემთხვევაში”. საუბარია რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების შესახებ მისი მოთხოვნების შესრულებაზე.