აფეთქებულ ყირიმის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. აღდგენილია ტამან ქერჩის მიმართულების უკიდურესი მარჯვენა ზოლი, რომელიც ერთადერთია, სადაც ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია, შესაბამისად, შემოღებულია რევერსული მოძრაობის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, მოძრაობა მონაცვლეობით იხსნება ჯერ ერთი მიმართულებით მიმავალი მანქანებისთვის, შემდეგ კი მეორე მიმართულებისთვის. მოძრაობის აღდგენის ამსახველი ვიდეო რუსეთის ვიცე პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა გამოაქვეყნა.
ყირიმის ხიდთან დღესაც მანქანების კილომეტრებიანი რიგია. ასობით მანქანა საკუთარ რიგს ელოდება.
ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთის კრასნოდარის ოლქს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, სავარაუდოდ საზღვაო დრონებმა ორშაბათს ღამით ააფეთქეს. შედეგად, ხიდის საავტომობილო ნაწილის ერთი სექცია ჩამოინგრა, მეორე შედარებით ნაკლებად დაზიანდა. სწორედ ამ ზოლში აღდგა მოძრაობა.
რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, რომელიც გუშინ საღამოს პუტინთან ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საკითხის გამო შეიკრიბა, ყირიმის ხიდის ერთ მხარეს ორმხრივი მოძრაობის ამოქმედება 15 სექტემბერს იგეგმება, მეორე მხარის აღდგენას კი ნოემბრამდე შეძლებენ.