თვითონ გაარკვიონ, პოლონელ ექიმთან მე არაფერ შუაში ვარ – გიული ალასანია | 18.07.2023

გიული ალასანია „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პოლონელი ექიმის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც, უცხოელ მედიკოსს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში „ვივამედიდან“ ფეხსაცმლით ექსპერტიზის რეალური პასუხის გაყალბების მიზნით გაჰქონდა. ალასანია ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას პოლონელ ექიმთან შეკითხვები აქვს, შეუძლიათ ეს თავად გაარკვიონ.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს „ვივამედში“ სააკაშვილთან შესული ერთ-ერთი პოლონელი ექიმის კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუში კლინიკიდან, მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით გაჰქონდა. მომხდარის გამო, გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შეხვდა. „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გუშინ, იუსტციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, თუმცა ახალი არაფერი თქვა. ის ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ნიმუშის აღების ფაქტს ხედავდა, მაგრამ მინისტრი არ აკონკრეტებს ინფორმირებული იყო თუ არა მესამე პრეზიდენტი ბიოლოგიური მასალის კლინიკიდან მალულად გატანის შესახებ.