„ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან ფეხსაცმლით გატანა სცადა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის ელჩი დაიბარა. შეხვედრაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი მივიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას და შეშფოთებას იწვევს და პროცესს სანდოობას უკარგავს. უწყების ინფორმაციით, პოლონელმა დიპლომატმა დარჩიაშვილს განუცხადა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია უცხოელი მედიკოსის გაუგებარი ქცევა.