რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან | 17.07.2023

რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც ომის მიუხედავად უკრაინას სურსათის შავი ზღვის პორტებიდან გატანის საშუალებას აძლევდა. ამის შესახებ რუსეთმა თურქეთს, უკრაინას და გაეროს სამდივნოს შეატყობინა. ხელშეკრულებას ვადა დღეს, 17 ივლისს ამოეწურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შედეგებზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც  მოსკოვის შემდეგი ნაბიჯებია ჩამოთვლილი.

“რუსეთი აუქმებს  ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიებს და ხურავს საზღვაო ჰუმანიტარულ დერეფანს შავი ზღვის ჩრდილო–დასავლეთში. მოსკოვი ასევე აღადგენს „დროებით სახიფათო ზონის“ რეჟიმს ჩრდილო-დასავლეთ შავ ზღვაში. სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს ამოწმებდა, დაიშლება. „რუსეთის მონაწილეობის გარეშე შავი ზღვის ინიციატივა 18 ივლისიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, მოსკოვი მზად იქნება მარცვლეულის გარიგების აღდგენა “განიხილოს” “მხოლოდ კონკრეტული შედეგების მიღების შემთხვევაში”. საუბარია რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის  ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების შესახებ მისი მოთხოვნების შესრულებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შავი ზღვის დერეფანმა რუსეთის ფედერაციის გარეშეც შეძლოს მუშაობა. ზელენკის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა გაეროს და თურქეთის ხელისუფლებას უკრაინის ინიციატივის გაგრძელების შესახებ.

“რუსეთის ფედერაციის გარეშეც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შავი ზღვის დერეფნის მუშაობისთვის. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ გვაქვს კავშირი გემების მფლობელებთან და თუ თურქეთი გაატარებს, ისინი მზად არიან, გააგრძელონ მარცვლეულის მიწოდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, განმარტა, რომ მარცვლეულთან დაკავშირებით ორი შეთანხმება არსებობდა – უკრაინა, თურქეთი, გაერო და რუსეთი, თურქეთი, გაერო და ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი ანტონიუ გუტერეშთან და პრეზიდენტ ერდოღანთან დადებულ პირობას არღვევს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო მოსკოვის გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ და მას “ცინიკური ნაბიჯი” უწოდა. მან დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას უკრაინული საკვების გლობალურ ბაზრებზე მიწოდებისთვის.

რუსეთის ოფიციალური გადაწყვეტილების მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ პუტინს მარცვლელის შეთანხმების გაგრძელება უნდა. ამ თემაზე რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იგეგმება.