„ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის კლინიკიდან ფეხსაცმლით გატანა სცადა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის ელჩი დაიბარა. შეხვედრაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი მივიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი გაუგებრობას და შეშფოთებას იწვევს და პროცესს სანდოობას უკარგავს. უწყების ინფორმაციით, პოლონელმა დიპლომატმა დარჩიაშვილს განუცხადა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია უცხოელი მედიკოსის გაუგებარი ქცევა.
“პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი,” – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პოლონელი კოლეგის ქცევა აუხსნელია, რადგან ექიმების ჯგუფს არავინ უკრძალავდა აეღოთ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები კანონის სრული დაცვით. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მედიკოსმა ახსნა-განმარტებით ბარათში დაწერა, რომ კანონიერად ნიმუშის აღების შემდეგ, მას სამედიცინო მასალა ჯიბეში უნდა ჩაედო, მაგრამ მას ასეთი ჩვევა აქვს და ყველაფერს ფეხსაცმელში ინახავს.