დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილებას ვადაზე ადრე შეუწყვეტენ | 14.07.2023

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის განხილვისას განაცხადა, დავით სერგეენკომ 32 მორიგი სესიისგან 25 სესია არასაპატიო მიზეზით გააცდინა. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამისს დასკვნას მოამზადებს. გადაწყვეტილებას კი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ ინფრომაცია მედიაში მანამდეც ვრცელდებოდა. როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა და მმართველი პარტიისგან განსხვავებულ პოზიცია დააფიქსირა. ე.წ რუსული კანონპროექტის გატანის შემდეგ სერგეენკო პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობაც.